ამაღლება: მოვლენათა სასწაულებრივი დასასრული
მთავარი |
ამაღლება: დანაპირები
იესო მეგობრებს (მოწაფეებსა და მოციქულებს) ემშვიდობება. მისი მიწიერი მსახურება დასრულდა და ღმერთთან დაბრუნების დრო მოვიდა. ის, რასაც იესო მოწაფეებს ჰპირდება, იმედის მომცემიცაა და ცოტა დამაბნეველიც: მე წავალ, მაგრამ თქვენთან დავრჩები. რას უნდა ნიშნავდეს მისი სიტყვები? რა მოხდა ამაღლების დღეს და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი ქრისტიანებისთვის? ამაღლება განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღეს ქრისტიანები იესოს ზეცად დაბრუნებას აღნიშნავენ, იესოს ცად ამაღლების ჟამს იხსენებენ.
მზერა წარსულისკენ
იესომ და მისმა მეგობრებმა ერთად ბევრი რამ გამოიარეს. ისრაელის მიწაზე მოგზააურობისას მოწაფეები იესოს ქადაგებას ისმენდნენ, არაერთი სასწაულისა და განკურნების მოწმენი გახდნენ; ნახეს, რომ იერუსალიმში შესულ იესოს ხალხი ისე მიეგება, როგორც მეფეს (ამ დღეს ქრისტიანები ბზობას აღნიშნავენ); ნახეს, როგორ აყარა მან ტაძრის მოვაჭრეთა დახლები; მოუსმენიათ იესოს გულმხურვალე სიტყვები სამართლიანობასა და მიტევებაზე; დიდ ხუთშაბათს ერთად გამართეს საიდუმლო სერობა; შიშით შეპყრობილები უყურებდნენ, როგორ შეიპყრეს, აწამეს და უდანაშაულოდ დასაჯეს იესო; წითელ პარასკევს ჯვარზე მისი შემზარავი სიკვდილის მოწმენი გახდნენ და დიდად გაოცდნენ, როდესაც სამი დღის შემდეგ მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ შეიტყვეს. აღდგომიდან მეორმოცე დღეს იესო და მისი მეგობრები ზეთილხილის მთისკენ გაემართნენ.
გამოსასალმებელი სიტყვები
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იესო ხშირად ესაუბრებოდა მოწაფეებს ღვთის სასუფეველზე. მათ კარგად არ ესმოდათ მისი ნათქვამი, ფიქრობდნენ და იმედოვნებდნენ, რომ იესო მათ რომაელთა უღლისგან გაათავისუფლებდა. ბოლო გასეირნებისას კვლავ ჰკითხეს, გახდებოდა თუ არა ისრაელი თავისუფალი. იესომ კი უპასუხა, რომ ეს უფლის ხელთაა და ამის ცოდნა არ სჭირდებათ, რადგან ღვთის სასუფეველი ისრაელის მიწის საზღვრებს სცილდება. იესომ ბევრი რამ გაუმხილა მოწაფეებს და მოუწიდა, წასულიყვნენ და მთელი მსოფლიოსთვის ეუწყებინათ ის, რაც უხილავთ და მოუსმენიათ.
იესომ მოწაფეებს განსაკუთრებული პირობა მისცა: ის წავა, მაგრამ მათთან დარჩება. იესო დაჰპირდა, რომ სულიწმიდას მოავლენდა. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ღმერთს მართლა სურს ადამიანის გულებში დამკვიდრება. ჩვენში დამკვიდრებული სულიწმიდა გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ, როგორ გვიყვარდეს, როგორ დავიმკვიდროთ სასუფეველი. სულთმოფენობამდე ათი დღე რჩებოდა.
ანგელოზები
გამოსასალმებელი სიტყვების შემდეგ იესო ღრუბელმა დაფარა. მოწაფეებს არ დაუნახავთ მისი ამაღლება ისე, როგორც დღეს ხატებზე ვხედავთ. ის უცებ გაუჩინარდა. მოწაფეები გაოცებულები იდგნენ. ვერ მიმხვდარიყვნენ, რა მოხდა. მერე კი გამოჩნდა ორი ანგელოზი, რომლებმაც მოწაფეებს მომხდარი განუმარტეს. იესო ზეცაში დაბრუნდა და ერთ დღესაც ისევ ჩვენთან მოვა. ბიბლია გვამცნობს, რომ მოწაფეები შინ დაბრუნდნენ, ათი დღე საუბროდნენ და გულმოდგინედ ლოცულობდნენ იმის მოლოდინში, რაც უნდა მომხდარიყო.
ამაღლების მნიშვნელობა
რატომ არის ეს დღე ასე მნიშვნელოვანი ქრისტიანებისთვის? ის ფაქტი, რომ იესო ზეცაში დაბრუნდა, ნიშნავს, რომ ის ამიერიდან ადამიანი აღარ არის. როგორც ადამიანი, იესო დროითა და სივრცით იყო შეზღუდული. ზეცად მყოფი იესო კი ყველასთვის, ყველგან და მარადისაა. ამაღლება ასევე ის ჟამია, როცა იესომ მიწიერი ცხოვრება დაასრულა. იგი ზეციდან მოევლინა დედამიწას და ახლა კვლავ ზეცას დაბრუნდა.
ამაღლება საუფლო დღესასწაულია. იესომ დაასრულა მოვლენებით აღსავსე მიწიერი ცხოვრება და შინ დაბრუნდა. ბიბლია გვეუბნება, რომ იესო მამასთან დაბრუნდა და საპატიო ადგილას – მამის მარჯვენით დაჯდა. ეს განსაკუთრებული მომენტია თავად იესოსთვის.
ამაღლდა თუ არა იესო სინამდვილეში?
უნდა ითქვას, უცნაურად ჟღერს: იესო ღრუბელში გაუჩინარდა და ზეცაში დაბრუნდა. არც ამ მოვლენის დამადასტურებელი ისტორიული მტკიცებულებები არსებობს. ქრისტიანთა შორისაც კი ამაღლებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ეს რეალური, ფიზიკური მოვლენაა თუ მეტაფორა?
საქმე ისაა, რომ იესოს ცად ამაღლების ნამდვილობას მისი ყველა მოწაფე აღიარებს. ის სულიერად კი არ ამაღლდა, არამედ ხორციელად. მოწაფეები მუდამ აუწყებდნენ, რომ იესო ცოცხალია და ეს მტკიცედ სწამდათ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანისთვის ეს რწმენა მოწამეობრივი სიკვდილის მიზეზი გახდა..
გარდა ამისა, იესოს სხეული მისი სიკვდილის შემდეგ გაქრა, ლუკა მახარებლის მიერ დაწერილს კი იმ მოვლენების თვითმხილველები არ უარყოფდნენ.
ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ იესო ნამდვილად არსებობდა? გაეცანით არაქრისტიან ისტორიკოსთა მტკიცებულებებს იესოს შესახებ და იქნებ აზრი შეგეცვალოთ.
როდის იზეიმება ამაღლება?
ამაღლების დღესასწაული აღინიშნება ხუთშაბათს, აღდგომიდან მე-40 დღეს, სულთმოფენობამდე ათი დღით ადრე.
ობოლთა კვირადღე
ზოგ ქვეყანაში ამაღლების შემდგომ კვირას „ობოლთა კვირადღე” აღინიშნება, რადგან იესოსთან გამოსალმების შემდეგ მისი მეგობრები „დაობლდნენ”. მათი დიადი მწყემსი წავიდა. რა ელით წინ? ეს დღე მოთმინებისა და ნდობის დღეა. იესო დაჰპირდა, რომ არ მიატოვებდა, მაგრამ მოწაფეებმა მაინც მარტოდ და მიტოვებულად იგრძნეს თავი. მათ 10 დღე უნდა მოიცადონ. სულთმოფენობის დღეს ყველაფერს გაიგებენ, მაგრამ ახლა ამის შესახებ არ იციან. ცხოვრებაში ზოგჯერ ისე ხდება, რომ პასუხის ან საკითხის გადაწყვეტის ლოდინი გვიწევს. ობოლთა კვირადღე გვაჩვენებს, რომ მუდამ უნდა მივენდოთ ღმრთს, მაშინაც კი, როცა ვერ გაგვიგია, რატომ მოხდა ან არ მოხდა რაღაც.
როგორ აღინიშნება ამაღლება?
ჩვეულებრივ, ამ დღეს ეკლესიაში საგანგებო ღვთისმსახურება აღევლინება. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ეკლესიაში ამაღლებას არა ხუთშაბათს, არამედ კვირადღეს აღნიშნავენ. რაიმე განსაკუთრებული ტრადიციები ამ დღესასწაულს არ ახლავს. თუკი ამაღლების აღნიშვნა გსურთ, ასევე შეგიძლიათ:…წაიკითხოთ ბიბლია ?
გაინტერესებთ, რა მოხდა იმ დღეს? ლუკა მახარებლის მიერ ამაღლება ბიბლიაში ორჯერაა აღწერილი: მოკლე წინადადებით ლუკას სახარებაში და დეტალურად – მოციქულთა საქმეებში. რა იცით ბიბლიის შესახებ? წაიკითხეთ ამ დიდებული წიგნის შესახებ, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო.…ნახეთ ფილმი „იესოს ცხოვრება” ?
ნახეთ ფილმი „იესოს ცხოვრება”. ამაღლება იესოს მოვლენებით აღსავსე მიწიერი ცხოვრების დასკვნითი მოვლენაა. ამ ფილმში მთელი მისი ცხოვრების ამბავს იხილავთ, უკეთ გაიცნობთ მას და მის მოწაფეებს. თუმცა ამაღლების ამბავს ამ ფილმში ვერ ნახავთ, რადგან ის იოანეს სახარების მიხედვითაა გადაღებული, ეს ავტორი კი ამაღლების ამბავს არ გადმოგვცემს.
ამაღლება გაოცებისა და მოლოდინის დროა; ეს გამოსალმებაცაა და ახალი დასაწყისიც; დღესასწაულია და ამავე დროს კითხვების დასმის დროა. რა იქნება ამის შემდეგ? იესოს მოწაფეების მსგავსად თქვენც რაღაცის მოლოდინი გაქვთ. იქნებ, ვინმეს ან რაიმეს დაემშვიდობეთ და ვერ წარმოგიდგენიათ, რა უნდა მოიმოქმედოთ. იესოს მოწაფეებისთვის ისტორია მაშინაც არ დასრულებულა, როცა ის მათ დაემშვიდობა. ისტორია სულთმოფენობით გრძელდება.