არსებობდა თუ არა იესო? ძალიან კარგი კითხვაა. დიახ, ბიბლია სავსეა ამბებით იესოს შესახებ, მაგრამ რამდენად სანდოა წიგნი, რომლის შედგენა 2000 წლის წინ დასრულდა? არის თუ არა სხვა წყაროები, რომლებიც იესოს არსებობას ადასტურებს?
მოდით, ბიბლიით დავიწყოთ. ახალ აღთქმაში მრავლადაა იესოს შესახებ ამბები და მისი გამონათქვამები. აქვე აღვნიშნოთ, რომ თავად იესოს ბიბლია არ დაუწერია. ბიბლიის მეორე ნაწილი მოვლენების თვითმხილველებმა, მისმა მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა დაწერეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზეპირსიტყვიერი გადმოცემის კულტურა იმ დროს ძალზე ძლიერი იყო. მსმენელები სიტყვა-სიტყვით იმახსოვრებდნენ გადმოცემულ ამბავს და ასევე სიტყვა-სიტყვით გადასცემდნენ სხვებს. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ წერა-კითხვა ცოტამ თუ იცოდა. ამიტომ ზეპირსიტყვიერება კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ახალი აღთქმის ყველაზე ადრეული წიგნები იესოს ჯვარცმიდან 25 წლის შემდეგ დაიწერა. ბევრი თვითმხილველი ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ანტიკური ხანის წიგნები უფრო ადრინდელ მოვლენებს გადმოგვცემს და მიუხედავად ამისა მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტებად მიიჩნევა.
დღეისთვის აღმოჩენილია ახალი აღთქმის (მათ შორის ფრაგმენტების სახით) 5600 ხელნაწერი, რაც ბევრად აღემატება სხვა ისტორიული დოკუმენტების ხელნაწერთა რაოდენობას. ეს იმას მიგვანიშნებს, რომ შესაძლებელია ახალი აღთქმის წიგნების დედანთა დიდი სიზუსტით აღდგენა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თუ კარგად დავაკვირდებით ახალი აღთქმის ტექსტებს და იმ ხანის სხვა დოკუმენტურ მასალას შევადარებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, აღწერილ მოვლენებსა და სახარებების დაწერას შორის 30 წელზე მეტი არ გასულა.
როგორ პასუხობენ არაქრისტიანი მეცნიერები და არქეოლოგები კითხვას იესოს არსებობის შესახებ? დავა ამ საკითხის ირგვლივ რამდენიმე საუკუნე არ ცხრება. თუმცა მეცნიერთა და არქეოლოგთა უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ იესო, როგორც ისტორიული პირი ნამდვილად არსებობდა. მაგრამ ვერ თანხმდებიან, თუ სინამდვილეში რა ხდებოდა, როგორ, სად და რატომ.
იესოს მიწიერი ცხოვრების ხანაშიც იყვნენ ჟამთააღმწერლები, რომლებიც იწერდნენ ყველაფერს, რაც მათ დროს ხდებოდა. იმ დროის ყველაზე განთქმულმა ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა იესოს შესახებ მცირედი ცნობები დაგვიტოვა: რომ ის ბრძენი კაცი იყო, ჰყავდა მიმდევრები როგორც იუდეველთა, ასევე წარმართთა შორის. ფლავიუსმა იესოს სიკვდილიც აღწერა. არის კიდევ ოთხი ისტორიული წყარო, რომელიც იესოს შესახებ მოგვითხრობს. ბევრი არაქრისტიანი სწავლული ადასტურებს ებრაელი პირის – იესოს არსებობის ფაქტს. მათი ნაშრომებიდან ვიგებთ, რომ ის ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 6-2 წელს დაიბადა, ბავშვობა ნაზარეთში გაატარა, მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ჰყავდა მოწაფეები და მსმენელები, რომელთაც ასწავლიდა და რწმენის შესახებ ესაუბრებოდა. დაახლოებით 30 წელს იესო იერუსალიმში გაემართა და პასექის დღესასწაულისას ტაძრის მოვაჭრეები დაარბია, რისთვისაც შეიპყრეს. ის დაკითხა სინედრიონმა, პილატე პონტოელმა კი სიკვდილი მიუსაჯა. იესო ჯვარს აცვეს, სიკვდილის შემდეგ კი დამარხეს.
ნამდვილად არსებობდა თუ არა იესო? დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ იესო ნამდვილად არსებობდა. მაგრამ როდის დასრულდა მისი ამბავი? მისი სიკვდილით? თუ ისტორია გრძელდება? ამ კითხვებს თქვენ თავად უნდა გასცეთ პასუხი.