იესო მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ქრისტიანთათვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება. ბიბლია ბევრ ამბავს მოგვითხრობს იესოს შესახებ და მის მრავალ გამონათქვამს გადმოგვცემს; მისი მიწიერი ცხოვრებისა და მსახურების შესახებ უამრავი წიგნია დაწერილი; მსოფლიოს ყველა კუთხის მკვიდრთ სურთ, მეტი შეიტყონ ამ გამორჩეული პიროვნების შესახებ: ვინ არის იესო? ნამდვილად არსებობდა თუ არა ის? სად დაიბადა იესო? არის თუ არა იესო ღმერთი?
ბევრი ადამიანისთვის იესო ისტორიული პირია, რომელიც შორეულ წარსულში ცხოვრობდა, ზოგისთვის – საინტერესო ადამიანი, რომელიც თავისი მსოფლმხედველობითა და სამართლიანობის გრძნობით აღაფრთოვანებს. მაგრამ იესოს გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე გაცილებით დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მოდით, კალენდარს შევხედოთ, თუნდაც დღევანდელ თარიღს. მას ხომ იესოს შობა განსაზღვრავს. ჩვენი წელთაღრიცხვა იესოს შობის დღიდან იწყება.
ბევრი ჩვენგანისთვის ქრისტეშობა სიხარულით აღსავსე ოჯახური დღესასწაულია. მაგრამ ყველა როდი აცნობიერებს, რომ იესოს შობამ სამუდამოდ შეცვალა სამყარო. მისმა აღმზრდელმა მშობლებმა, იოსებმა და მარიამმა, დიდად გაიხარეს ძის დაბადებით და სახელად იესო დაარქვეს, რაც ებრაულად ნიშნავს „უფალი ხსნაა“. იესო ღმერთის ებრაული სახელია, რომელსაც ბიბლია გვიმხელს. ქრისტიანული რწმენის თანახმად, იესოს განკაცების მიზანი სწორედ ჩვენი ხსნა იყო. ქრისტიანთათვის ის არის ძე ღვთისა. მისი მოვლინება ეკლესიის დაბადებაცაა. ნამდვილად არსებობდა თუ არა იესო? დიახ! იმ ფაქტმა, რომ იესო მიწაზე დადიოდა, წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში. თუნდაც, საიდან იღებს სათავეს ჩვენი დღესასწაულები? ყოველ წელს ვზეიმობთ შობასა და აღდგომას, განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ხორციელისა და ყველიერის კვირეულებს. ყველა ეს დღესასწაული და ღირსშესანიშნავი დღე იესოს ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების მოგონებაა.
მოდით, იესოს ცხოვრების მოვლენები თანმიმდევრობით განვიხილოთ: სად დაიბადა იესო? ის ისრაელში, ქალაქ ბეთლემში, ებრაელი ერის წიაღში იშვა. თუმცა მისი მიწიერი მსახურება, მისი ხარება მხოლოდ ებრაელთათვის არ ყოფილა, არამედ მსოფლიოს ყველა ერისთვის: ღმერთი გვიხსნის. მისი სახელია იესო, რაც სრულყოფილად გამოხატავს იესოს განკაცებისა და მიწიერი მსახურების მიზანს.
მაშ, რატომ ეწოდა მას ძე ღვთისა? მართებული კითხვაა. ღმერთმა შექმნა დედამიწა, ადამიანები, ცხოველები, ბუნება. ის ყოველივეს შემოქმედია და მას უსაზღვროდ უყვარს თავისი ქმნილება. მაგრამ მრავალ ადამიანს სულაც არ აინტერესებს თავისი შემოქმედი. იქნებ იმიტომ, რომ ის ძალზე შორეული გვეჩვენება, მისი დანახვა, შეხება, მასთან საუბარი არ შეგვიძლია. როგორ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ზეციურ ტახტზე დაბრძანებულ ღმერთს, ასე მაღალსა და ყოვლისშემძლეს? რა იცის მან იმ სიძნელეთა შესახებ, რომელთაც ჩვენ, მიწის მკვიდრნი ვაწყდებით? ღმერთი განკაცდა, რათა სრულად განეცადა მიწიერი ცხოვრება; რათა ხელი გაეწვდინა ჩვენთვის; რათა ჩვენ მისი სიახლოვე გვეგრძნო; ამიტომ მოავლინა ღმერთმა იესო. ის მოვიდა, რათა მამის შემეცნებაში დაგვხმარებოდა; ის მოგვევლინა, როგორც ძე ღვთისა.
33 წლის განმავლობაში იესომ ძალზე ბევრი რამ თქვა და ბევრი რამ გააკეთა. მისი მიწიერი ცხოვრების დროითი ღერძი უცნაური შეხვედრებითა და საოცარი მოვლენებითაა დახუნძლული, მისი სიკვდილი კი საკაცობრიო ისტორიის გარდამტეხი მომენტი გახდა. მიუხედავად იმისა, გვწამს თუ არა, რომ იესო არის ძე ღვთისა, ვერავინ უარყოფს იმ უდიდეს გავლენას, რომელიც მან კაცობრიობაზე მოახდინა.
ყოველი ერისა და ეთნოსის მილიონობით წარმომადგენელს დღემდე სწამს, რომ ღმერთი გვიხსნის.
დაფიქრდით, იკვლიეთ, ეძიეთ და იპოვით პასუხს ჩვენს კითხვაზე:ვინ არის იესო?