რას ნიშნავს ეს?
შობის დღესასწაულის სიღრმისეული აზრი ისაა, რომ ღმერთი კაცი გახდა. ადამიანის სახით ქრისტეს მოვლინებას ეკლესია განკაცებას უწოდებს. ბიბლიაც და ქრისტიანული ფილოსოფიაც სიღრმისეულად განიხილავს ღვთის განკაცების მიზეზს. არსებობს რამდენიმე აზრი, რომელიც ერთმანეთს ავსებს:
- ღმერთმა თავი დაიუძლურა. სასუფეველში „უსაფრთხოდ“ რომ დარჩენილიყო, ხელშეუხებელი იქნებოდა და, ვთქვათ, ვერავითარი ჰეროდე ვერაფერს დააკლებდა. ახლა კი შესაძლებელია მისი ხელყოფა, სიკვდილით დასჯაც კი. ღმერთმა გვაჩვენა, რომ არასდროს არის თავკერძო და მუდამ მზადაა, განიცადოს ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ.
- ღმერთმა კაცობრივობის „განცდა“ ისურვა. მანამდე ღმერთს ვუყვარდით, განკაცების შემდეგ კი „შეუძლია თანაგვიგრძნოს ჩვენ უძლურებაში, ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში… მას ძალუძს შეიწყნაროს უმეცრები და გზააცდენილები“ (ებრ. 4:15; 5:2).
- ამგვარად ადამიანს ღვთის შეცნობა შეუძლია. არასდროს ყოფილა ღმერთი ისე ახლოს ადამიანებთან, როგორც იესოში. ის გახდა ხორციელი, ხილული, ხელშესახები. თუკი ვინმე ღმერთს ეძებდა, იესოში ღვთის სახე იხილა: როგორიცაა იესო, ისეთივეა ღმერთი.
- სიცოცხლე „წმიდა“ გახდა. იესოს დროს ფიქრობდნენ, რომ სხეული უწმიდურია და ხორციელთათვის ჭეშმარიტება მიუწვდომელია. მაგრამ ცხადი გახდა, რომ ღმერთს არც სხეულის „უწმიდურება“ აშინებს, არც მიწის მტვერით ფეხის გასვრა; რომ ღმერთს და კაცს გვერდიგვერდ დგომა შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ყველაფერი კეთილად წარიმართება.
- დამცირებულნი ამაღლდებიან. ხშირად გვგონია, რომ სიღატაკე თუ სხვა განსაცდელი თავად ღატაკის ბრალია. მაგრამ აი, ვხედავთ იესოს, რომელიც სიღარიბეში აღიზარდა, როგორც ამა სოფლის უჩინონი და გარიყულნი. თუკი იესო ასე ამაღლდა, ყოველი ღატაკი „ეჭვმიტანილად“ იქცევა; ვინ იტყვის დაბეჯითებით, რომ ის იესოს მსგავსი არ არის?!
- ასე ამხელს იესო ბოროტებას. როდესაც ადამიანები მას პასუხობენ, მათი ჭეშმარიტი ზრახვები ცხადდება: „აჰა, განწესებულია ეს მრავალთა დამხობად და აღდგენად ისრაელში… რათა გაცხადდეს მრავალ გულთაგან ზრახვები“ (ლუკა 2: 34-35).