„დაარქმევ მას სახელად იესოს“ (მათე 1:21). იოსები და მარიამი გამორჩეული ყრმის მშობლები იყვნენ, სახელიც განსაკუთრებული დაარქვეს – იესო, რაც ნიშნავს „უფალი ხსნაა“. იესო ღმერთის ებრაული სახელია. დაბადებიდანვე მას ეწოდა სახელი, რომელიც მისი მსახურების მიზანზე მიუთითებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში იესო ძალზე გავრცელებული სახელია.
ბიბლია ბევრი სხვადასხვა ავტორის მიერ დაიწერა. ყოველ მათგანს ღმერთისა და იესოს თავისი განსაკუთრებული გამოცდილება და ხედვა ჰქონდა. ხშირად ეს ავტორები სწორედ საკუთარ ხედვას უსვამენ ხაზს და ამგვარად ნელ-ნელა ნათელს ჰფენენ კითხვას: ვინ არის იესო? აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში იესო ასზე მეტი წოდებით მოიხსენიება.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
შემრიგებელი
იესო შუამავალია ადამიანთა და ღმერთს შორის. ჩვენ, ადამიანები, ხშირად ვცდებით, ღმერთს ვშორდებით. მაგრამ მასთან დაბრუნება ყოველთვის შეგვიძლია. ღმერთთან კავშირის აღდგენაში იესო გვეხმარება, მამასთან გვიხმობს…
ალფა და ომეგა
ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია. იესო არის პირველი და უკანასკნელი. ეს წოდება ღმერთის ყოვლისშემძლეობაზე მიგვითითებს: ის მყოფობს მარად და ყველგან, დასაბამიდან აღსასრულამდე.
ძე ღვთისა
ქრისტიანთათვის იესო ღვთის ძეა. ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რათა მას სრულად განეცადა მიწიერი, კაცობრივი ცხოვრება; გაეზიარებინა ჩვენი სიყვარული, სიხარული, ტკივილი და წუხილი; ეჩვენებინა, რომ ჩვენგან განშორება კი არა, ჩვენთან სიახლოვე სურს. ასევე იმის ჩვენება სურდა, რომ ყველაფერს გასცემდა, რათა ღმერთსა და ადამიანს შორის თანხმობას დაესადგურებინა. და ამისთვის მსხვერპლად საკუთარი ძე გაიღო.
ქვაკუთხედი
შენობის სიმტკიცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მის საძირკველში ჩადებული ქვაკუთხედია. ბიბლიის ავტორები იესოს ქვაკუთხედს უწოდებენ, რადგან ღმერთთან ჩვენი კავშირი სწორედ მას ეფუძნება. იესო ამ კავშირის მტკიცე საფუძველია.
მწყემსი
დღეს ბევრ ქვეყანაში მწყემსის ხელობამ მნიშვნელობა დაკარგა. იესოს მიწიერი ცხოვრების ხანაში კი მწყემსობა ჩვეული საქმიანობა იყო. მწყემსი ცხვარს უვლიდა, ერთი საძოვრიდან მეორეზე გადაჰყავდა, იცავდა მხეცების თავდასხმისგან და თუ რომელიმე ცხვარი დაიკარგებოდა, ეძებდა მანამ, სანამ არ იპოვიდა. იესო ჩვენზე ისევე ზრუნავს, როგორც მწყემსი კეთილი ზრუნავს თავის ცხვარზე. მას ჩვენი დაცვა სურს.
კრავი
იესოს მიწიერი ცხოვრების დროს ღმერთს მსხვერპლად ცხოველებს სწირავდნენ. ამისთვის ხშირად კრავს ირჩევდნენ. მსხვერპლშეწირვა ღვთისადმი ერთგულების ან შეცოდების გამოსყიდვის ნიშნად ხდებოდა. იესო სამსხვერპლო კრავია, რომელმაც კაცთა მოდგმის ცოდვა გამოისყიდა.
ნეფე/სასიძო
ადამიანთა და იესოს ურთიერთობას ბიბლიური ავტორები ხშირად ნეფე-დედოფლის ურთიერთობას ადარებენ. იესო ამაყობს თავისი სასძლოთი და მასზე ზრუნვა სურს, ზოგჯერ კი უწყრება როგორც ცოლს, თავადაც ითხოვს მისგან მზრუნველობასა და ერთგულებას.
კლდე
კლდე, რომელიც აბობოქრებულ ზღვაში არ შედრკა; კლდე, რომელზეც შენობის აგება შეგიძლია. ასეთ კლდეს ადარებს ბიბლია იესოს: მტკიცეს, სანდოს, უდრეკს.
მშვიდობის უფალი
იესოს მშვიდობის დამკვიდრება სწადია – მშვიდობა კაცთა შორის, განსაკუთრებით კი თანხმობა ადამიანსა და ღმერთს შორის. მის სიტყვასა და საქმეში არასდროს ყოფილა სისასტიკე.
ნათელი სოფლისა
სად გვჭირდება ნათელი? სწორედაც ბნელში. სწორედ აქ სურს იესოს ყოფნა. მას ნათლის მოტანა სურს ჩვენს უკუნეთში, ჩვენი ძნელბედობის ჟამს. განსაკუთრებით იქ, სადაც სიღატაკე, ტკივილი, სევდა და შიში სუფევს. მას შვების მოტანა უნდა. როდესაც ნათელი ბნელს გაფანტავს, აქამდე უხილავი საგნები წარმოჩინდება როგორც მშვენიერი, ასევე ისეთი საგნები, რომლებიც დღის სინათლეს ვერ უძლებს.
თითოეული სახელი თუ წოდება რაიმეს გვამცნობს იესოს ხასიათისა და მსახურების შესახებ. რომელი სახელი შეეხო თქვენს გულს?