ყოველ 25 დეკემბერს ჩვენ ქრისტეშობას ვზეიმობთ: ნაძვის ხე, საჩუქრები, ოჯახური თავშეყრა და შუაღამის მოლოდინი. მაგრამ ვინ არის იესო? სად დაიბადა ის? რატომ აღვნიშნავთ შობას სინამდვილეში?
იესო ქრისტიანული რწმენის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისი შობიდან 2000 წელზე მეტი გავიდა. ჩვენი წელთაღრიცხვა იესოს დაბადებიდან იწყება. იესო ისრაელში, ქალაქ ბეთლემში იშვა. მის დედას, მარიამს, ანგელოზისგან ეხარა, რომ მუცლად იღებს და შობს ძეს, რომელიც გამორჩეული იქნება კაცთა შორის. ქალწულ მარიამის საშოში ღვთის მიერ ახალი სიცოცხლე ჩაისახა – ძე ღვთისა…
სად დაიბადა იესო?
მარიამის საქმრო, იოსები, შეძრა დანიშნულის ფეხმძიმობის ცნობამ. მათ არ ჰქონიათ სქესობრივი კავშირი და იოსებმა ეჭვი შეიტანა მის ერთგულებაში. მაგრამ სიზმარში უფლის ანგელოზი მოევლინა და უთხრა, რომ უკან არ დაეხია და ყრმაზე ეზრუნა. იოსები და მარიამი ნაზარეთში ცხოვრობდნენ. ჩვილი იესოს დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა ბრძანება მოსახლეობის აღწერის შესახებ და, დადგენილებისამებრ, ყველა იმ ქალაქში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც დაიბადა.
იოსები და მარიამი ბეთლემისკენ გაემართნენ. ძალზე რთული მოგზაურობაა ორსულისთვის. ქალაქში რომ მივიდნენ, სხვა დასადგომი ვერ იპოვეს და თავი ბაგას შეაფარეს სწორედ აქ, ცხოველებს შორის, იშვა იესო. ამიტომაც საშობაო სადღესასწაულო მორთულობაში ჩვილი იესოს აკვანი ცხოველებითაა გარშემოტყმული.
ახალი დასაწყისი
ჩვენ ვზეიმობთ იესოს შობას, რადგან მისი მოვლინება ჩვენთვის ახალი დასაწყისია. ღმერთს ადამიანთა სიახლოვე სურს. ბევრ ჩვენგანს კი სულაც არ უნდა ეს სიახლოვე. იქნებ ამიტომ გვეჩვენება ღმერთი ასე შორეული, ის კი იესოს განკაცებით დაგვიახლოვდა.
როდის დაიბადა იესო?
იესოს დაბადების ზუსტი თარიღი ჩვენთვის უცნობია. 25 დეკემბერს შობის დღესასწაულის აღნიშვნა მეოთხე საუკუნეში დაწესდა და ჩაანაცვლა წარმართული Dies Natalis Solis Invicti – „უძლეველის მზის დაბადების დღის” დღესასწაული. ამრიგად, შობამ სხვა წარმართული დღესასწაულები ჩაანაცვლა. ებრაელები ამავე პერიოდში ხანუქას აღნიშნავენ. ზოგიერთი აღმოსავლური ეკლესია ამ დღეს ე. წ. ძველი სტილით, 13 დღით გვიან ზეიმობს.
შობას ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასაწყისს ვზეიმობთ, აღდგომას კი მის სიკვდილს ვიგონებთ და ვდღესასწაულობთ, რადგან მისი სიკვდილი დასასრული არ ყოფილა. გსურთ, მეტი შეიტყოთ აღდგომის შესახებ? დააკლიკეთ აქ.