ძე ღვთისა. რატომ გახდა ეს სიტყვები საცდური მრავალთათვის?

მთავარი | შეკითხვა | ძე ღვთისა. რატომ გახდა ეს სიტყვები საცდური მრავალთათვის?

ბიბლია იესოს ხშირად ღვთის ძეს უწოდებს და გვიცხადებს ღმერთს, როგორც წმიდა სამებას: მამას, ძეს და სულიწმიდას. სულიწმიდა ღვთის მყოფობაა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ალბათ, რთულია ამის გააზრება: თითქოს სამ სხვადასხვა პირზე ვსაუბრობთ. მაგრამ ეს ერთი ღმერთია – ერთი და განუყოფელი.

ფორმათა სხვადასხვაგვარობა

მაგალითად, წყალი მუდამ წყალია – H2O.​ ხომ ასეა? თქვენ შეგიძლიათ, დალიოთ წყალი, მაგრამ თუკი ის გაიყინა, მასზე სიარულსაც შეძლებთ; მდუღარე წყალში კვერცხს ვხარშავთ. ღმერთი წყლის მსგავსია – სხვადასხვა ფორმით გვევლინება, სხვადასხვაგვარად გვიცხადებს თავს. მაგრამ ეს ყოველთვის ერთი მარადმყოფი ღმერთია.

იესო – ძე ღვთისა. ეს სიტყვები მრავალი ადამიანისთვის საცდურად იქცა.

იესოს ღვთაებრივი ბუნების უარყოფა

შესაძლოა, ღმერთი გწამდეთ, მაგრამ იესოს ღვთაებრივ ბუნებას უარყოფდეთ. თქვენ გჯერათ, რომ ის არსებობდა, მაგრამ იესო რომ ღვთის ძეა, თქვენთვის ზღაპარივით ჟღერს; წარმოუდგენელია, ასე მაღალი ღმერთი ფიზიკურად, რეალურ მოკვდავად განკაცდეს.

აკრძალული სფერო

მუსლიმთათვის საუბარი იესოზე, როგორც ღვთის ძეზე, აკრძალული თემაა, წარმოუდგენელიც კი. ისლამში ღმერთი ისე წმიდაა, რომ მისი მეუფებისთვის ძის ყოლა შეუსაბამოა.​ „ალაჰი არ შობილა და არც უშვია“ (სურა 112:3). ის მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის მიღმაა და მხოლოდ ქმნის. ისლამისთვის ასე მნიშვნელოვანი მუჰამედ წინასწარმეტყველიც კი არ იწოდება ღვთის ძედ. უნდა აღინიშნოს, რომ ისლამში იესო მნიშვნელოვანი პიროვნებაა – უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წარმოგვიდგენია. მუსლიმები პატივს მიაგებენ მარიამსაც, როგორც კურთხეულ ქალწულს, რომელმაც წინასწარმეტყველი შვა.

რას გვეუბნება იესო?

რას გვეუბნება თავად იესო? არის თუ არა ძე ღვთისა? ბიბლიაში ის ხშირად მოიხსენიება, როგორც ძე ღვთისა. იესო კიდევ ერთ წოდებას იყენებს – ძე კაცისა, რომლის მოსვლა ძველ აღთქმაშია ნაწინასწარმეტყველები. ოთხ სახარებაში იესოს ეს წოდება 80-ჯერ არის ნახსენები.

მიწიერი ცხოვრების დასალიერს, როდესაც იესო სინედრიონის წინაშე წარდგა, მას ჰკითხეს: „მაშ, შენა ხარ ძე ღვთისა?“. იესომ კი უპასუხა: „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ“ (ლუკა 22:70). ამ პასუხით იესომ საკუთარი რწმენა დაამოწმა, თითქოს ბეჭედი დაასვა მას: ის სიკვდილით დაისჯება. რადგან იმ ხანებში ისრაელში მას, ვინც თავს ღვთის ძეს უწოდებდა, სასიკვდილო განაჩენი ელოდა.

ცრუობდა იესო?

ამრიგად, იესო საკუთარ თავს ღვთის ძეს უწოდებს. იქნებ, ეს სიცრუეა, ან უგუნურება? თუ იესო ჭეშმარიტებას გვიცხადებს? თუკი ცრუ იყო, ან უგუნური, მის ნათქვამს სერიოზულად ხომ ვერ მივიღებთ? ის, ვინც ამგვარ უცნაურ განცხადებებს აკეთებს, შეურაცხადად უნდა ჩაითვალოს. თუ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებას არ გვიცხადებს.