ქრისტეშობა: იესოს დაბადება

მთავარი | ქრისტეშობა

დეკემბერი ქრისტეშობის თვეა, ახალნაყიდი ან სხვენიდან ჩამოტანილი ნაძვისხეების მორთვის დროა. ქუჩები მორთულია საშობაო ნათურებით, რეკლამაც სადღესასწაულო და გულისამაჩუყებელია. ყველა ოჯახური შეკრებებისა და მხიარულებისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, იცით თუ არა რაიმე შობის დღესასწაულის წარმოშობის შესახებ, მას ვერსად წაუხვალთ. თუმცა, კარგი კითხვაა: სინამდვილეში რას აღვნიშნავთ ქრისტეშობას?

იესოს მიწიერი ცხოვრების დასაწყისი

ნებსით თუ უნებლიედ, ყოველ წელს პაუზას აკეთებთ, რათა იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაზე დაფიქრდეთ. ეს ქრისტეშობის სადღესასწაულო დღეებში ხდება. ქრისტიანული სამყარო შობას პანდემიების პერიოდშიც კი აღნიშნავს. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა საშობაო სადღესასწაულო ტრადიციები. ქრისტეშობა ის დროა, როდესაც ზამთრის ბნელ და ცივ დღეებში ოჯახი თბილ და მყურდო გარემოში იკრიბება.

მაგრამ სინამდვილეში შობა იესოს მიწიერი ცხოვრების დასაწყისია, მისი დაბადებაა. ეს განსაკუთრებული ცხოვრება იყო, რადგან მას შემდეგ საუკუნეებმა განვლო, ჩვენ კი ჯერ კიდევ აღვნიშნავთ იესოს შობას. როგორ მოხდა ეს? ვინ იყო ამ ამბის მოწმე? რატომ ვზეიმობთ ამ დღეს?

რას ნიშნავს ქრისტეშობა?

ქრისტეშობა იესო ქრისტეს დაბადების დღეა. ეს ისრაელში მოხდა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ფეხმძიმე მარიამი და მისი მეუღლე, იოსები, ბეთლემში მივიდნენ და ღამე ბოსელში გაათენეს. სწორედ იქ და იმ ღამეს იშვა იესო.

ალბათ გინახავთ შობის სცენა: პატარა სადგომში, ხის ბაგაში ყრმა იესო წევს. აკვანთან ადამიანები დგანან და ჩვილს აღფრთოვანებულები დასცქერიან. მოდით, ვნახოთ შობის სცენა, რათა უკეთ გავიგოთ ქრისტეშობის არსი.

article-thebirthofjesus-nativityscene

ქრისტეშობის ამბავი: ვის ვხედვათ ბაგასთან?

შობის სცენის ცენტრში ყრმა იესოა. ბაგასთან იოსები და მარიამი დგანან. იესო ბოსელში იშვა, ამიტომ იქვე ცხოველებიც არიან. იქვე დგანან მწყემსები და სამი აღმოსავლელი მოგვი, რომლებიც მის თაყვანსაცემად მოვიდნენ. სცენას ზევიდან ანგელოზი დაჰყურებს. ყოველი მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრისტეშობის ამბავში. მოდით, მათ სათითაოდ გავეცნოთ.

article-thebirthofjesus-playmobile-jesus

ვინ არის ყრმა იესო?

ქრისტეშობას განსაკუთრებული ჩვილი იშვა. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობთ მასზე: იესოს შობამ ხომ სამუდამოდ შეცვალა სამყარო. ჩვენი წელთაღრიცხავაც კი მისი დაბადებიდან აითვლება, ანუ, სიტყვა-სიტყვით, არის დრო ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ.

იესო ბეთლემში იშვა. რამდენიმე წელი ეგვიპტეში იცხოვრა, შემდეგ კი მშობლებთან ერთად ისრაელში დაბრუნდა და ნაზარეთში დასახლდა, რის გამოც მას „იესო ნაზარეველი“ ეწოდა.  იესო სიყრმიდანვე ჩაება რელიგიურ ცხოვრებაში და დროთა განმავლობაში მისი გავლენა გაიზარდა.

დაახლობით 30 წლის ასაკში იესომ ქადაგება დაიწყო. მეგობართა ჯგუფთან ერთად ის ისრაელში დადიოდა და ყველგან ღვთის სიყვარულს ქადაგებდა. იესო  მოურიდებლად ამხელდა ქვეყნის რელიგიურ ლიდერებს მათი თვალთმაქცობის გამო.  იესოს გზავნილი მარტივია: „შეიყვარე ღმერთი შენი მთელი შენი გულით და შეიყვარე მოყვასი, როგორც თავი შენი“.  მრავალმა ადამიანმა შეისმინა და მიიღო მისი გზავნილი, რამაც ქვეყნის მმართველთა რისხვა გამოიწვია. 33 წლის იესოს სიკვდილი მიუსაჯეს და იერუსალიმში ჯვარს აცვეს.

article-thebirthofjesus-playmobile-mary

ვინ არის მარიამი?

მარიამი იესოს დედაა. ჩვეულებრივი ნაზარეველი გოგო იყო.  ის სიყმაწვილისას, დაახლოებით 16 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. იტყვით, რომ ამისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა იმ დროს ეს გოგონებისთვის მიღებული საქორწინო ასაკი იყო. მარიამი იოსებზე იყო დანიშნული. ერთ დღეს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მუცლად იღებს და შობს განსაკუთრებულ ძეს, რომელსაც სახელად იესო უნდა დაარქვას. მარიამი გაოცდა, რადგან ქალწული იყო. თუმცა ღვთის ნებას მიენდო და იესოსთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნდავდა. მარიამი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრისტიანთა რელიგიურ ცხოვრებაში, მას პატივს მიაგებენ, ლოცვით მიმართავენ და მეოხებას სთხოვენ.

სახელი „მარიამი“ სავარაუდოდ „საყვარელს“ ან „სანატრელს“ ნიშნავს. ბიბლიის კითხვისას შენიშნავთ, რომ სახელს ღრმა მნიშვნელბა აქვს და ადამიანის ცხოვრებასა ან ხასიათზე მიანიშნებს.  მაგალითად, სახელი იესო ნიშნავს „ღმერთი გვიხსნის“. ქრისტიანნული რწმენის თანახმად, იესო სწორედ იმიტომ იშვა, რომ ღმერთს ადამიანთა ხსნა სურს.

article-thebirthofjesus-playmobile-joseph

ვინ არის იოსები?

იოსები მარიამის მეუღლეა. ის ნაზარეველი ხურო იყო. იოსები მარიამზე დაინიშნა და მალევე მისი ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო. მათ სქესობრივი ურთიერთობა არ ჰქონიათ და იოსებმა იცოდა, რომ ბავშვი მისი არ იყო. წარმოიდგინეთ, რა გაწბილებული და განრისხებული იყო. მან მარიამის მიტოვება გადაწყვიტა, თუმცა ფეხმძიმობის ამბის გამხელას არ აპირებდა.

ამ დროს იოსებს სიზმარში ანგელოზი მოევლინა და უთხრა, რომ მარიამს არავითარი დანაშაული არ მიუძღვის, რომ ის ღვთის ნებით დაფეხმძიმდა. ამ ცნობამ იოსების ცხოვრება შეცვალა. მან გადაწყვიტა, იესოსთვის მამობა გაეწია და მისთვის მთელი ცხოვრება ეზრუნა.  იესოს სიყრმისას იოსებს სხვა ხილვებიც ჰქონდა, როცა ღმერთს მისთცის რაიმეს შეტყობინება სურდა. ამის შესახებ მოგვიანებით წაიკითხავთ. ცხადია, მას განსაკუთრებული პიროვნული კავშირი ჰქონდა ღმერთთან, ამ ხილვებში ღმერთი მას ჭეშმარიტებას ამცნობდა.

article-thebirthofjesus-playmobile-shepherds

რატომ არიან მწყემსები ქრისტეშობის გამოსახულებებზე?

მწყემსები პირველი ადამიანები იყვნენ, ვინც ახალშობილ იესოს ეწვია. ცხვრების მწყემსვისას მათ ანგელოზი გამოეცხადათ და უთხრა, რომ რჩეული ყრმა იშვა. ისინიც დაუყოვნებლივ გაემართნენ იმ ადგილისკენ, რომელზეც ანგელოზებმა მიუთითეს.

იმ დროს მწყემსობა არცთუ სახარბიელო საქმიანობად ითვლებოდა და მწყემსები საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენლებად ითვლებოდნენ და ხშირად მოუხეშო ადამიანები იყვნენ. მით უფრო აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყრმა იესოს პირველები სწორედ მწყემსები ეახლნენ. ქრისტიანებისთვის ეს იმას მიანიშნებს, რომ ღმერთი განსაკუთრებულ ზრუნვას იჩენს გარიყულთა მიმართ.

article-thebirthofjesus-playmobile-threewisemen

ვინ იყო სამი აღმოსავლელი მოგვი?

ეს სამი პიროვნება სხვადასხვაგვარად მოიხსენიება: მოგვები, ბრძენკაცები ან მეფეები. ცნობილია, რომ ისინი აღმოსავლეთიდან მოვიდნენ,  გაწაფული ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ და ვარსკვლავებზე დაკვირვებით წინასწარმეტყველებდნენ. ერთხელაც ცაზე უცნაური ვარსკვლავი იხილეს და მას მიყვნენ.

ამ ვარსკვლავის გამოჩენა მათ ახალი მეფის დაბადებას დაუკავშირეს და სწორედ მის სანახავად გაემართნენ.  ვარსკვლავმა ისრაელში მიიყვანა და ლოგიკურია, რომ ისინი იმ ჯერ იმ ქვეყნის მმართველს, ჰეროდეს ეახლნენ.  აღმოჩნდა, რომ მან არაფერი იცოდა ახალი მეფის დაბადების შესახებ. ბრძენკაცებმა ძიება განაგრძეს და ბოლოს ბეთლემში მივიდნენ. მათ ახალ მეფეს სამი ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური.

სინამდვილეში ძალზე ცოტა რამ ვიცით ამ სამი კაცის შესახებ. გვიანდელი ტრადიციის თანახმად, მათი სახელებია მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი; ერთი მათგანი სპარსი იყო, მეორ არაბი, მესამი კი ეთიოპელი. სინამდვილეში მათი ზუსტი რიცხვიც კი არ ვიცით. შესაძლოა, სამნი კი არა, თორმეტნი იყვნენ.  სამი იმიტომ მოიხსენიება, რომ ძღვენთა რიცხვი სამი იყო. მოგვთა თაყვანისცემას ქრისტიანები ნათლისღების დღეს, 6 იანვარს იხსენებენ.

article-thebirthofjesus-playmobile-star

შობის ვარსკვლავის მნიშვნელობა

საშობაო სცენას ხშირად ვარსკვლავი დაჰნათის. ის დიდ როლს ასრულებს ქრისტეშობის ისტორიაში. მან მიისყვანა სამი ბრძენკაცი იქ, სადაც იესო უნდა შობილიყო. იმ დროს ახალი ვარსკვლავის გამოჩენა ახალი მეფის დაბადებას მიანიშნებდა, ასევე ცვლილებების, იმედების აღსრულების ნიშანი იყო. ქრისტიანობაში ასტროლოგია არავითარ როლს არ ასრულებს, მაგრამ იმ დროს ადამიანები ხშირად უყურებდნენ ცას, რათა რაიმე ნიშანი დაენახათ.

მართლა არსებობდა თუ არა შობის ვარსკვლავი? თითქმის ყველა ასტრონომი ამ კითხვას დადებით პასუხს აძლევს.  ჩინელი ასტრონომებიც ადასტურებენ, რომ დაახლოებით იმ დროს, როცა იესო იშვა, ცაზე უცნაური ვარსკვლავი გამოჩნდა. გაურკვეველია, რა დაინახეს მათ: სუპერნოვა, ვენერასა და იუპიტერის შეერთება თუ ჰალეის კომეტა. ჩვენ ეს არ ვიცით.

article-thebirthofjesus-playmobile-angel

ანგელოზების როლი ქრისტეშობის სცენაში

ანგელოზი არაერთხელ ჩნდება ქრისტეშობის ამბის მსვლელობისას. მარიამს ანგელოზი მოევლინა და მომავალი ძე ახარა. ამ ანგელოზს სახელი აქვს: გაბრიელი.  ბიბლია არაერთ ამბავს მოგვითხრობს, როდესაც ის ადამიანებს ევლინება და ესაუბრება; იოსებსაც ხშირად ეცხადება ანგელოზი; მწყემსებმაც ანგელოზებისგან შეიტყვეს რჩეული ყრმის დაბადება. ანგელოზები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვა რელიგიებშიც, როგორიცაა იუდაიზმი და ისლამი.

article-thebirthofjesus-playmobile-animals

რა ცხოველებს ვხედავთ ბაგასთან?

შობის გამოსახულებაში სხვადასხვა ცხოველებს ვხვდებით. დავიწყოთ იმ ცხოველებით, რომლებმაც იოსებთან, მარიამთან და იესოსთან სადგომი გაიზიარეს. ხარი და ვირი იმ დროის მეურნეობისთვის ჩვეული საქონელი იყო. ხარს უღელში აბამდნენ და მიწას ხნავდნენ, ვირით მოგზაურობდნენ. იესოს ბაგასთან სხვა ცხოველებიც იყვნენ.

მწყემსებმა მათზე მიბარებული ცხვრები მოიყვანეს, აღმოსავლელი ბრძენკაცები აქლემებით მოვიდნენ. იმ დროს შორეულ მოგზაურობაში სწორედ აქლემებით დადიოდნენ. ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად იყვნენ თუ არა ეს ცხოველები ბოსელში. სიმართლე ითქვას, დანამდვილებით ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს ბოსელში მოხდა. ბიბლია მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ყრმა იესო ბაგაში, ანუ ისეთ ადგილას, სადაც ხოველები იყვნენ.

სად იშვა იესო?

იესო ისრაელში, ბეთლემში, ბოსელში ან გამოქვაბულში იშვა. იოსები და მარიამი ნაზარეთში, ბეთლემიდა 140 კილომეტრით მოშორებულ ქალაქში ცხოვრობდნენ. ბეთლემში მოსასვლელად დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ მარიამი ამ დროს ფეხმძიმედ იყო და მალე უნდა ემშობიარა.

იოსები და მარიამი ბეთლემში გასართობად როდი გაემგზავრნენ. იმპერატორმა მოსახლეობის აღრიცხვა ბრძანა, ამიტომ ქვეყნის ყველა მკვიდრი თავისი წარმოშობის ადგილას უნდა წასულიყო. ქალაქი სტუმრებით გაივსო და სასტუმროებში ადგილი აღარ იყო. იოსებმა და მარიამმა ქალაქში დასადგომი ადგილი ვერ იპოვეს.

ბოლოს ვიღაცამ ღამის გასათენებელი ადგილი ბოსელში, ცხოველებს შორის შესთავაზა. შესაძლოა, ეს ქოხი იყო, როგორსაც ხშირად ხედავთ გამოსახულებებზე, ან გამოქვაბული.  ასე იყო თუ ისე, მათ იქ ღამის გათენება შეეძლეს. ეს იყო ადგილი, სადაც მარიამმა იესო შვა. წმიდა წერილის თანახმად, ჩვილი ცხოველებისთვის განკუთვნილ ბაგაში, საკვებურში ჩააწვინეს.

ვინ არის მეფე ჰეროდე?

შობის სცენაში მეფე ჰეროდეს ვერ იხილავთ, მაგრამ ის მნიშვნელოვან უარყოფით როლს ასრულებს ქრისტეშობის ისტორიაში. იოსები და მარიამი მას პირადად არ იცნობდნენ. იმ დროს ის ქვეყნის მმართველი იყო, ძალზე სასტიკი და დაუნდობელი. მას ძალაუფლების დაკარგვის ეშინოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ტახტი შეენარჩუნებინა.

ერთ დღეს მან შეიტყო, რომ წინასწარმეტყველების თანახმად უნდა იშვას ძე, რომელიც მეფე გახდება. წინასწარმეტყველებამ ჰეროდ ძლიერ შეაშინა. ამიტომ მოაკვლევინა ბეთლემში ყველა ყრმა, რომლებიც ორი წლისა ან ნაკლების იყვნენ.   თქვენ უკვე იცით, რომ იოსებს ანგელოზი მოევლინა და იესოს დაბადების შესახებ აუწყა. იოსებს კვლავ გამოეცხადა სიზმრად ანგელოზი და საფრთხის შესახებ ამცნო. ამიტომ იოსები და მარიამი ეგვიპტეში გაიქცნენ. რამდენიმე წლის შემდეგ  კვლავ გამოეცხადა სიზმრად ანგელოზი და უთხრა, რომ ახლა მათ დაბრუნება შეეძლოთ. ჰეროდე მოკვდა. მაგრამ არც ჰეროდეს ძე იყო უკეთესი, ამიტომ მას უნდა მორიდებოდნენ. ანგელოზის მეოთხედაც გამოეცხადა იოსებს ანგელოზი და აუწყა, რომ საფრთხემ ჩაიარა და მათ ნაზარეთში დაბრუნება შეუძლიათ.

როდის იშვა იესო?

ჩვენი კალენდარი ქრისტეშობას ეფუძნება. იესოს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით ოთხი წლით ადრე დაიბადა. ასევე სავარაუდოა, რომ ის დეკემბერში კი არა, მარტსა ან აპრილში დაიბადა, რადგან დეკემბერი ცივი თვეა, როცა მწყემსებს ღამღაღამობით ცხვრის დაბინავება უწევდათ. ქრისტეშობის 25 დეკემბერს აღნიშვნდა მოგვიანებით დაწესდა. საქმე ისაა, რომ რომაელები ამ დროს ზამთრის ბუნიაობას ზეიმობდნენ, ქრისტიანებმა კი გადაწყვიტეს, ამ დროს ქრისტეშობა ეზეიმათ.

ვინ გადმოგვცა ქრისტეშობის აბავი?

თქვენ გაეცანით შობის სცენის მონაწილეებსა და მოწმეებს და შეიტყვეთ, რა მოხდა იესოს დაბადების შემდეგ. მაგრამ როგორ მოაღწია ამ ჩვენამდე ამბავმა, რომელიც ასე დიდი ხნის წინ მოხდა? საქმე ისაა, რომ ქრისტეშობის ამბავი ზედმიწევნითაა აღწერილი ბიბლიაში.

ქრისტიანებისთვის ბიბლია უმნიშვნელოვანესი წიგნია. ის ორის ნაწილისგან შედგება და სინამდვილეში სხვადასხვა წიგნების კრებულს წარმოადგენს. პირველ ნაწილს ძველი აღთქმა ეწოდება. ის სამყაროს შექმნის, იუდაიზმის ჩამოყალიბებასა და ისრაელის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა თანახმად, მოვა დრო, როცა სამყაროს მხსნელი მოევლინება.  ძველი აღთქმის ეს და სხვა წინასწარმეტყველბები იესოში აღსრულდა. ქრისტეშობისას მოხდა ბევრი რამ, რაც ათასობით წლის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები.

ბიბლიის მეორე ნაწილი ახალი აღთქმაა. ის შედგება წიგნებისგან, რომლებიც იესოს მეგობრებმა და მისი ცხოვრების, სიკვდილის და სიკვდილის შემდგომი მოვლენების მოწმეებმა დაწერეს. ქრისტეშობის ამბავს ორი ავტორი, მათე და ლუკა მახარებლები გადმოგვცემენ, მათე იესოს პირადად იცნობდა, მისი ახლო მეგობარი იყო. იესოს სიკვდილის შემდეგ მისმა მოწაფეებმა ნანახის და გაგონილის ჩაწერა დაიწყეს. ახალი აღქმა ასევე შეიცავს ნაწარმოებებს, რომლებიც ქრისტიანული ცხოვრების წესისა და მომავლის შესახებ მოგვითხრობს.

რა შუაშია სანტა კლაუსი?

შობის სცენაში ვერასდროს ნახავთ დღესასწაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერსონაჟს, სანტა კლაუსს, რადგან მას არავითარი კავშირი არ აქვს ნამდვილი ქრისტეშობის ამბავთან. სახელი „სანტა კლაუსი“ წმიდა ნიკოლოზის ნიდერლანდრური ტრანსკრიპციისგან (სინტერკლაას) წარმოიქმნა. ტრადიციისამებრ, წმიდა ნიკოლოზის დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მისი სახელით ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნიდნენ. ემიგრანტებმა ეს ტრადიცია ამერიკაში ჩამოიტანეს და დროთა განმავლობაში ის შობის დღესასწაულს შეერია.  .

საკუთრივ ქრისტეშობასთან კავშირი არ აქვს არც შობის დღესასწაულის უკვე ტრადიციულ ატრიბუტს, ნაძვის ხეს.  ნაძვის ხის მორთვა ძველი გერმანული სადღესასწაულო ტრადიციაა. დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანები უგულველყოფდნენ ამ ტრადიციას, რადგან, როგორც ითქვა, მას არავითარი კავშირი არ აქვს ქრისტეშობასთან.

როგორ გაჩნდა ქრისტეშობის სცენა?

თქვენ საშობაო სცენის ყველა მონაწილე გავიცანით და ახლა იკითხავთ: როგორ გაჩნდა ამგვარი სცენის მოწყობის იდეა. ცნობილია, რომ ქრისტეშობისას ქრისტიანები აკვანს დგამდნენ. 1223 წელს კი ფრანცისკე ასიზელმა, იმ დროის გავლენიანმა სასულიერო პირმა იტალიის ერთ-ერთ ქალაქში პირველი საშობაო სცენა მოაწყო.

მანამდე ქრისტეშობის ამბავი ასე არავის გაუცოცხლებია. იოსებისა და მარიამის როლები ადგილობრივმა გლეხებმა შეასრულეს. ფრანცისკეს სურდა, რომ მაყურებლებისთვის მათი კდემამოსილება და მორჩილება სამაგალითო გამხდარიყო.

მხოლველებს ისე მოეწონათ სცენა, რომ თავადაც დაიწყეს ქრისტეშობის სცენების მოწყობა.

მართლა ასე მოხდა?

ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. მშვენიერი, ამაღელვებელი, რომანტიკული ამბავია: იოსებისა და მარიამის სიყვარული, ლამაზი ყრმა იესო, ბოროტი ჰეროდე, მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა თაყვანისცემა... იქნებ, შობის ამბავი ძალზე რომანტიზირებულია? იქნებ, სინამდვილეში ასე არ იყო?

რატომ აღვნიშნავთ დღემდე ქრისტეშობას?

მას შემდეგ ბევრი საუკუნე გავიდა. მაშ, რატომ აღნიშნავენ ადამიანები ქრისტეშობას? ქრისტიანებისთვის იესო მათი რწმენის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ამიტომ მისი შობის დღე მათთვის სიხარულის დღეა. მათ სწამთ, რომ იესო ღვთის ძეა და ღმერთმა ის მიწაზე მოავლინა, რაღა ჩვენთვის თავისი სიყვარული ეჩვენებინა.  ქრისტეშობის ამბის დეტალები კი ნაკლებმნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი მხოლოდ ქრისტეშობის გზავნილია. ღმერთი, რომელიც ასე შორეული ჩანდა, დედამიწას დაუცველი ყრმის სახით მოევლინა. არასდროს ყოფილა ღმერთი ასე ახლო. ქრისტეშობა იმედისა და სიყვარულის დღესასწაულია.

შობა დასაწყისია, ქრისტიანული კალენდრის პირველი დღესასწაულია. მას მოსდევს ისეთი მნიშვნელოვანი დღესასწაულები, როგორიცაა აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა. იესო გაიზარდა, მოწიფულ კაცად იქცა, რომელსაც ცხადი მისია ჰქონდა, - მისია, რომელიც სიცოცხლის ფასად უნდა აღესრულებინა. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა!