შესაძლოა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სტატიაა, რომელიც ოდესმე წაგიკითხავთ! კარგი, ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა მოდით, აღდგომის ამბავი გამოვიკვლიოთ.
რა მოხდა აღდგომისას? რას (და როგორ) ვზეიმობთ დღემდე? რა თქმა უნდა, მთავარი კითხვა ასეთია: გჯერათ, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა, თუ ეს ოსტატური გამონაგონია?
რას ნიშნავს აღდგომა?
იმისთვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას, - ნამდვილია ამბავია აღდგომა თუ ოსტატური გამონაგონი, - აღდგომის არსი უნდა გავიგოთ. ეს არის დღე, როდესაც ქრისტიანები იესოს მკვდრეთით აღდგომას იხსენებენ. დიახ, სწორად წაიკითხეთ: მკვდრეთით აღდგომას. იესო მოკვდა, შემდეგ კი კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდა.
აღდგომა იესოს ისტორიაა. 2000 წლის წინ ის ისრაელში დადიოდა, იგავებით ასწავლიდა, სასწაულებს ახდენდა და ქვეყნის რელიგიურ ლიდერებს უპირისპირდებოდა. ფესახამდე ერთი კვირით ადრე იესო იერუსალიმში შევიდა და ხალხი მას ისე მიეგება, როგორც მეფეებს ეგებებიან. ტაძარში ის მორჩილებას, სიყვარულს, მიტევებას და სამარტლიანობას ქადაგებდა. ბევრ ადამიანს ის ნამდვილ გმირად მიაჩნდა, მასში ნაწინასწარმეტყველებ და ნანატრ მხსნელს (მესიას) ხედავდნენ, რომელიც ისრაელს რომაელთა ბატონობისგან გაათავისუფლებდა.
ებრაელი მმართველები კი მასში საფრთხეს ხედავდნენ. იესო მისმა მეგობარმა, იუდამ გასცა. ის ხუთშაბათ დღეს შეიპყრეს, აწამეს და სიკვდილი მიუსაჯეს. პარასკევს იესო ჯვარზე მოკვდა. მეგობრებმა დამარხეს და შაბათ დღეს დაიტირეს. მაგრამ კვირას... მისი საფლავი ცარიელი აღმოჩნდა. ამ მოვლენამ მსოფლიო შეცვალა. იესო კვლავ ცოცხალია. ასობით ადამიანი მისი სიკვდილის მოწმე იყო, შემდეგ კი ბევრი მათგანი აცხადებდა, რომ შემდგომ დღეებში საკუთარი თვალით იხილეს ცოცხალი იესო. მათი მოწმობები ბიბლიაში ჩაიწერა. და დღეს 2,3 მილიარდ ადამიანს მსოფლიოს ყველა კუთხეში სწამს, რომ იესო ცოცხალია.
აღდგომის ამბავი
ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ აღდგომის ამბავს. ეს ამბავი დეტალურადაა აღწერილი ბიბლიაში, ახალი აღთქმის ოთხ წიგნში. მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე მახარებლებმა იმ დღის თავთავიანთი ვერსიები გადმოგვცეს. ზოგი დეტალი ცოტათი განსხვავდება, მაგრამ მთავარში ოთხივე ავტორი თანხმდება.
ცარიელი საფლავი
სამი ქალი იესოს საფლავზე მივიდა, რათა იუდეველთა წესისამებრ იესოს სხეული ნელსაცხებლებით ეცხოთ. მაგრამ ძალზე გაოცდნენ როდესაც ნახეს, რომ ქვა, რომელიც გამოქვაბულს ფარავდა, გადაგორებული იყო, საფლავი - ცარიელი, სუდარა იქვე იდო, იესოს სხეული კი გამქრალიყო.
შეხვედრა
პირველი, ვინც მკვდრეთით აღმდგარი იესო იხილა, მარიამ მაგდალელი იყო. გული დაწყდა, რომ მაშინვე ვერ იცნო იესო. ის მას ძალიან კარგად იცნობდა. იესომ განსაცდელიდან იხსნა და მას შემდეგ მარიამი იესოსა და მისი მეგობრებისთვის ზრუნავდა. მაგრამ მკვდრეთით აღმდგარი ჯერ მებაღე ეგონა. შემდეგ უცებ მისი ხმა იცნო. იესომ უთხრა, წასულიყო და კეთილი ცნობა მიეტანა მეგობრებთან. მარიამი მაშინვე იმ სახლისკენ გაიქცა, სადაც იესოს მეგობრები შეკრებილიყვნენ. მაგრამ მას არავინ დაუჯერა.
ურწმუნობა
მათ არ დაუჯერეს მარიამ მაგდალელს, თუმცა ჯერ ცნობისმოყვარეობამ სძლია, მერე კი შიშმა. ისინი შეშინდნენ. შეეშინდათ, რომ ქალაქის მმართველები მათ ამბავს არ დაიჯერებდნენ, შეეშინდათ, რომ მათ მოკლავდნენ. არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ, ამიტომ კარი ჩარაზეს. მაგრამ უცებ მათ შორის იესო გაჩნდა.
მისია
„მშვიდობა თქვენს შორის“. შუა ოთახში იესო იდგა. მას ყველა ხედავდა, მისი ხმა ყველას ესმოდა. მან დაანახა მოწაფეებს, რომ ცოცხალია და თავისი მისია გაუზიარა: ის მოვიდა, რათა მიტევება მოეტანა - მიტევება ყველა შეცდომისა, რომელიც ოდესმე დაუშვიათ ან მომავალში დაუშვებენ. იესომ მოუწოდა, მათაც მიეტევებინათ ერთმანეთისთვის და უმნიშვნელოვანესი მისია დააკისრა: უამბეთ ყველას, რომ ცოცხალი ვარ და უთხარით, რომ ერთმანეთისთვის ზრუნვა მართებთ.
აღმდგარი იესო ბევრმა სხვა ადამიანმაც იხილა. ბიბლიაში რამდენიმე შეხვედრაა აღწერილი. აღდგომის შემდეგ იესო დაახლოებით ხუთასმა ადამიანმა იხილა. ამბობენ, რომ კიდევ ბევრი სასწაული მოახდინა. იესოს მოწაფეებმა კი გულმოდგინედ დაიწყეს მისიის აღსრულება და ყველას აუწყებდნენ, რომ იესო ცოცხალია.
კითხვა კითხვად დარჩა...
ნამდვილი ამბავი თუ ოსტატური გამონაგონი? იესოს მოწაფეებს არასდროს შეუტანიათ ეჭვი მის აღდგომაში. ისინი ქვეყნიდან ქვეყანაში დადიოდნენ და კეთილ ცნობას აუწყებდნენ: აზიაში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სპარსეთი, ეთიოპია, ინდოეთი და ევროპაში, მაგალითად, საბერძნეთში და თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე. თითქმის ყველა მოწაფე მოწამეობრივად აღესრულა იესოს მკვდრეთით აღდგომის ქადაგების გამო. იგივე მიზეზით სხვა მრავალ მორწმუნეს მიესაჯა სიკვდილი. ძალაუფლების მპყრობელები ამ უწყების ჩანასახშივე მოსპობას ცდილობდნენ.
თუმცა არაფერი გამოუვიდათ. დღეს 2,3 მილიარდ ადამიანს სწამს აღდგომის ჭეშმარიტება. მათ ირწმუნეს ასობით თვითმხილველის მოწმობა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ მათი საკუთარი გამოცდილებაა: იესო ცოცხალია! უდიდესი საიდუმლო: იესო მოკვდა და მკვდრეთით აღდგა. რა მოხდა ამის შემდეგ?
რა თქმა უნდა, იესო მიწაზე აღარ დააბიჯებს. ქრისტიანებს სწამთ, რომ ის მამა ღმერთთან, ზეცაში დაბრუნდა. მაგრამ მორწმუნეები მასთან ძლიერ კავშირს მოწმობენ. ისინი ესაუბრებიან და ლოცვაში მოიხმობენ იესოს. ბევრი მათგანი ყვება, რომ ქრისტიანებად მოქცევამდე იესო იხილეს. სიყვარულის შესახებ იესოს სიტყვებით შთაგონებულები ისინი ქვეყნიერების გაუმჯობესებას ცდილობენ.
სააღდგომო ტრადიციები
ბევრ ეკლესიაში აღდგომის წინა ღამეს წირვა აღევლინება. სადღესასწაულო სუფრას ბევრ ქვეყანაში ნაირფრად შეღებილი კვერცხი და სააღდგომო ნამცხვარია ამშვენებს, ზოგან კი შოკოლადის სიუხვე და ე. წ. სააღდგომო კურდღელი. ეს ყველაფერი ძალიან გემრიელია, თუმცა სათავეს სხვა ტრადიციებში იღებს და აღდგომის დღესასწაულის ატრიბუტებად მოგვიანებით იქცა. ამა თუ იმ ატრიბუტის წარმოშობა ზოგჯერ სირთულეს წარმოადგენს. მაგალითად კვერცხი ბევრ კულტურაში აღორძინების სიმბოლოა. საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანობა არაქრისტიანულ საგაზაფხულო დღესასწაულთა ტრადიციებს, ითავისებდა, რათა ადამიანებისთვის აღდგომის ამბავი გაეზიარებინა. გავიხსენოთ თუნდაც ჭიაკოკონობა და ბზობა.
სააღდგომო კურდღელი
დასავლური ტრადიციის ამ სააღდგომო ატრიბუტის შესახებ ძველი ლეგენდა მოგვითხრობს. ერთ დღეს პატარა გოგონამ დაჭრილი ჩიტი იპოვა. გოგონამ ქალღმერთ ეოსტრას ჩიტის გამოჯანმრთელება სთხოვა. ქალღმერთმა დაინახა, რომ ჩიტი ფრენას ვეღარ შეძლებდა, კურდღლად გადააქცია და გოგონას დაჰპირდა, რომ ის კურდღელს წელიწადში ერთხელ, თავად ქალღმერთის თაყვანისცემის დღეს ნახავდა და რომ კურდღელი ნაირფერ კვერცხებს დადებდა. ეს ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ჯერ ნაყოფიერების დღესასწაულების, შემდეგ კი აღდგომის ნაწილი გახდა.