
ბევრ ჩვენგანს გამოუცდია დავით მეფის ღვთივშთაგონებული ფსალმუნების ძალა. დღეს მინდა შეგახსენო სიტყვები ერთ-ერთი უმშვენიერესი და უძლიერესი ფსალმუნიდან:
„უფალი ჩემი მწყემსია“ (ფსლმ. 22:1).
მინდა, რომ ეს სიტყვები დღეს შენთვის კურთხევის წყაროდ იქცეს, ისევე, როგორც საუკუნეთა მანძილზე შეეხო მრავალი ადამიანის გულს და მათი ცხოვრება შეცვალა.
ეს ფსალმუნი დაუსაბამო, მარადიულ და ყოვლისშემძლე ღმერთზე გვესაუბრება. მეფე დავითი კი მას თავის მწყემსს უწოდებს.
გამეფებამდე თავად დავითიც მწყემსი იყო. მან იცოდა, როგორ უყვარს მწყემსს ყოველი თავისი ცხვარი. იცოდა, რომ უკუნ ღამეშიც კი მწყემსი წამითაც არ შეყოყმანდებოდა და ფარას მოშორებული, გზას აცდენილი ცხვრის საძებნელად წავიდოდა, არასდროს არ დატოვებდა მას საფრთხეში.
მწყემსი დავითი სიცოცხლეს არ დაიშურებდა, რომ თავისი ფარა მტაცებლებისგან დაეცვა. ერთხელ მეფე საულს ასეთი სიტყვები უთხრა:
„მწყემსავდა შენი მსახური თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს, გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი“ (1 მეფ. 17:34-35).
მწყემსი დავითი თავის ყოველ ცხვარს გამოიცნობდა და ყოველი მათგანი გამორჩეულად უყვარდა.
ამიტომ მას ეჭვი არ ეპარება: ღმერთი მისი მწყემსია – უკეთილესი, უსათნოესი. ღმერთი – მწყემსთა მწყემსია!
თავად დავითი კი ცხვარია, რომელიც ღმერთზეა დამოკიდებული. ცხვარს ხომ არც ეშვები აქვს, არც ბრჭყალები, ამიტომ მისი ერთადერთი დამცველი მწყემსია. მეტი რაღა უნდა, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს?
იესომ თქვა: „ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის… მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის (იოან. 10:10-15).
იესო მწყემსთა მწყემსია. ის შენ გიცნობს. მან სიცოცხლე დადო შენთვის, რადგან შენ მისი ძვირფასი ცხვარი ხარ. შენ მას უსაზღვროდ უყვარხარ.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს