
„შავეთის ველზეც რომ ვიარო“ (ფსალმ. 22:4).
ისრაელში ერთი ვიწრო ველია, რომელსაც მზის სხივი შუადღისასაც ვერ აღწევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მართლაც შავეთის ველია.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენი ცხოვრება ასეთ ველს ემსგავსება: გარშემო თითქოს უკუნი სიბნელე ისადგურებს და გამოსავალიც არ ჩანს. უბრალოდ არ ვიცით, რა მოვიმოქმედოთ, ამ „ველს“ თავი როგორ დავაღწიოთ. შიში გვიპყრობს და გვეჩვენება, რომ ღმერთმა მიგვატოვა.
დავით მეფსალმუნე თავის საიდუმლოს გვიმხელს: წინ იარე და ნუ შეშინდები.
დამოწმება: „როცა თირკმლის მეტასტაზური სიმსივნე დამიდგინეს, მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა. ერთი კვირა ოთახიდან არ გამოვდიოდი, არავისთან მსურდა ლაპარაკი. მერე გაშეშება შფოთვამ ჩაანაცვლა. გამოსავლის ძებნა დავიწყე. ექიმების პროგნოზი პესიმისტური იყო. ეგოიზმმა მომიცვა და მხოლოდ საკუთარი თავი მადარდებდა. ვფიქრობდი, რომ გავყიდდი მშობლების სახლს და ბინას, რომელშიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ, სადმე ერთ ოთახს ვიყიდდი, ყველას იქ შეასახლებდი, დარჩენილ ფულს კი მკურნალობას მოვახმარდი. ან სამოგზაუროდ წავიდოდი. სახლიდან გასაყიდი ნივთების სიის შედგენაც დავიწყე. ერთ დღეს „რევიზიის ჩასატარებლად“ წიგნების კარადასთან მივედი და თვალში ბიბლია მომხვდა. რატომღაც ფსალმუნების წაკითხვა გადავწყვიტე. არც დავმჯდარვარ, ვიდექი და ვკითხულობდი. და პასუხი ვიპოვე: ჩემი ავადმყოფობა ის შავეთის ველი იყო, რომელსაც ღვთის დახმარების გარეშე თავს ვერ დავაღწევდი. უფლის სიახლოვე ვიგრძენი და საღი გონებით მოქმედება დავიწე. უფლის დახმარებით შფოთვაც დავძლიე და ეგოიზმიც, მან დამანახა, რომ მკურნალობისთვის არაფრის გაყიდვა არ მჭირდება, რომ ის ჩემთანაა. ახლობლების ლოცვის ძალაც გამოვცადე და თანადგომაც. ახლა რემისია მაქვს და პროგნოზიც ოპტიმისტურია. მშობლები ისევ თავიანთ სახლში ცხოვრობენ, მე, მეუღლე და ჩვენი შვილები კი ისევ იმ ჩვენს მყუდრო ბინაში. ყოველ დილას თქვენს წერილებს ვკითხულობ, ვლოცულობ და უფალს ვესაუბრები. უკვე მუშაობაც შემიძლია და მეუღლესთან ერთად მის საოცნებო კუნძულზე – ბალიზე მოგზაურობასაც ვგეგმავთ“.
ღმერთს მიენდე და უშიშრად იარე. ნუ შეგაშინებს შავეთის ველი. შენ მას გაივლი, რადგან უფალი წყნარ წყლებზე წაგიძღვება და სულს დაგიწყნარებს.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს