
არის შენს ცხოვრებაში რაიმე „რატომ“, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს? როცა რაღაც ცუდი ხდება, როცა განსაცდელის პირისპირ აღმოვჩნდებით, ვდარდობთ, ვიბნევით და სწორედ ამ კითხვას ვსვამთ: რატომ? წმინდა წერილი კი გვეუბნება:
„რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი“ (იერ. 29:11).
ეს სიტყვები ახალ კითხვებს ბადებს: თუკი ღმერთს ჩვენთვის მშვიდობა განუზრახავს, რატომ ვაწყდებით ამდენ დაბრკოლებას? რატომ ვვარდებით განსაცდელში? რატომ ვხდებით ავად? რატომ ვკვდებით? რატომ, უფალო?
ეპიდემიები, სტიქიური უბედურებები, ომები ჩვენში დაბნეულობის და რისხვის გრძნობებს იწვევს. თუმცა ჩვენი რისხვა ღმერთისკენ კი არა, ეშმაკისკენ უნდა მივმართოთ. ის ხომ მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. იესო კი იმისთვის მოვიდა, რომ მის სამწყსოს სიცოცხლის სიუხვე ჰქონდეს (იოან. 10:10).
ბიბლია გვეუბნება: „მოუხმობენ და ისმენს უფალი, და იხსნის ყველა გასაჭირისაგან“ (ფსალმ. 33:17).
და კიდევ ამას გვპირდება: „ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის. მრავალი სიავე ხვდება მართალს; და ყველაფრისაგან იხსნის უფალი“ (ფსალმ. 33:19-20).
ღმერთი აგამაღლებს. მან შენთვის მშვიდობა განიზრახა და არა ბოროტება. იგი დაგპირდა, რომ შეგეწევა, განსაცდელის ჟამს მარტო არ დაგტოვებს. ესაიას წიგნში ნათქვამია: „რადგან მე, შენი უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის დამჭერი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ეს. 41:13). მოდი, ერთად ვილოცოთ: „უფალო, ვერ გამიგია, რატომ დამატყდა თავს ეს განსაცდელი. მაგრამ მე შენ გენდობი და შენი ნების თანახმად მოვიქცევი. გმადლობ შენი ძლიერი ხელისთვის, გმადლობ შენი შეწევნისთვის. შენი სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს