9.7

მთავარი | დაინახე სასწაული | ყველა ჭიამაია მშვენიერია… შენსავით!

ყველა ჭიამაია მშვენიერია… შენსავით!

შეგიმჩნევია, როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჭიამაიები? ალბათ, დიდი განსხვავება არ შეგინიშნავს. არადა, ისინი ძალიან განსხვავებულები არიან: ფერით, ზომით, წინწკლების ზომით და რაოდენობით. თითოეულ მათგანს რაღაც განსაკუთრებული , თავისი განუმეორებელი სილამაზე, თუნდაც პატარა, მაგრამ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დეტალი აქვს, რომელსაც ჩვენ, ადამიანები, ერთი შეხედვით ვერ ვამჩნევთ.  რატომ ვერ ვამჩნევთ? იმიტომ რომ ეს პაწაწინა არსებები ჩვენ არ შეგვიქმნია. ყველაფერი ხომ ღმერთმა შექმნა თავისი სიტყვით. მთელი ქმნილება მას ეკუთვნის, მათ შორის შენც. 

„რადგან შენ დაბადე თირკმელნი ჩემნი, შენ გამომძერწე დედაჩემის წიაღში“ (ფსალმ. 139:13).

ისევე, როგორც შენ ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან ჭიამაიები,  ადამიანები, რომლებიც კარგად არ გიცნობენ, ვერ ხედავენ, რით ხარ უნიკალური, რა არის შენში ისეთი, რაც სხვებისგან განგასხვავებს. ზოგჯერ ამას თავადაც ვერ ხვდები, ღმერთმა კი ზედმიწევნით შეარჩია შენი კანის და თმის ფერი, შენი სახის ნაკვთები, შენი სიმაღლე და ა. შ. და მას არც ერთი შეცდომა არ დაუშვია.

შენ შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ის, რასაც სარკეში ხედავ, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ შენ ღვთის შედევრი ხარ. შენ მისი ქმნილება ხარ და მას შენი შექმნის გამო არასდროს უნანია და არც ინანებს. 

მიიღე და მტკიცედ ირწმუნე ეს ჭეშმარიტება. ყურს ნუ უგდებ მტერს, რომელსაც შენი წამება და ცდუნება უყვარს და ამიტომ ჩაგჩურჩულებს, რომ არაფრად ღირხარ და რომ სამყარო უშენოდ უკეთესი იქნებოდა. ეს სიცრუეა. 

მოდი, ერთად ვილოცოთ: „უფალო, გმადლობ, რომ ასე მშვენივრად და ზედმიწევნით შემქმენი. შენ იცი, რომ ზოგჯერ მიჭირს საკუთარი თავის მიღება ისეთად, როგორიც ვარ. მაგრამ დღეს მე შენ მოგენდობი, საკუთარ თავს შენი თვალით შევხედავ და შევიყვარებ. იესოს სახელით, ამინ“.  

დამოწმება: „მუდამ მაკლდა თავდაჯერება. რაც არ უნდა მეკეთებინა, მეჩვენებოდა, რომ არაფერი გამომდის. ახლა ვხვდები, რომ ეს ჯანსაღი თვითკრიტიკა კი არა, ნამდვილი თვითგვემა იყო. სხვა ადამიანების კრიტიკასაც მტკივნეულად აღვიქვამდი. ზოგჯერ უსამართლო შენიშვნები და საყვედურები მესმოდა და ვფიქრობდი, რომ უვარგისი და არაფრის მაქნისი ვარ.  ახლა, როცა ასეთი უსამართლო საყვედურები მესმის, საკუთარ თავს ვეუბნები: „ღმერთისთვის ძალიან ძვირფასი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, რას მეუბნებიან. მე ხომ ვიცი, რომ ღმერთს ვუყვარვარ“. თქვენი დახმარებით მართლაც  დავინახე სასწაული: საკუთარი თავი მივიღე და თვითგვემას მოვეშვი, რადგან ვიცი – ღმერთს მე ვუყვარვარ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.